ეკუმენური ლოცვა თბილისში |
მიმდინარე წლის 23 იანვარს თბილისში გაიმართა ქრისტიანული ერთობისათვის ყოველწლიური ეკუმენური ლოცვა. ამჯერად ლოცვა გაიმართა ლუთერანულ ეკლესიაში და ლოცვის დევიზი იყო "წყალი მიეცი". ეკუმენურ ლოცვაში მონაწილეობდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, საქართველოს ევნაგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის წინამძღოლი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ჰანს-იოახიმ კიდერლენი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვრები ეპისკოპოსები მერაბ გაფრინდაშვილი და რუსუდან გოცირიძე. ლოცვაში მონაწილეობდნენ როგორც ზემოაღნიშნული, ასევე სხვა ეკლესიებისა და კონფესიების წარმომადგენელი სასულიერო პირები და მორწმუნეთა ჯგუფები. ლოცვაზე იმყოფებოდნენ ასევე საქართველოს ისლამური საზოგადოების წარმომადგენლები. ეკუმენურ ლოცვას ესწრებოდნენ საქართველოს რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, ამიერკავკასიის ქვეყნებში რომის პაპის წარმომადგენელი მარეკ სოლჩინსკი, საქართველოში გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ორტვიგ ჰენიგი. მონაწილე ეკლესიები გამოვიდნენ ღვთის სიტყვის მოსმენის, რწმენაში ერთად ყოფნის, პატიების, მონანიების და შეწყალების ლოცვებით. და მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული იყო მონაწილეთა კულტურა და ენა, იგივე იყო ყველა ლოცვაში გაჟღერებული ქრისტიანთა ერთიანობის ლოზუნგი - ყოვლისშემძლე წყალივით ადამიანთა სულის ავსება ერთიანობით, რაც ჩვენი განსხვავებულობის აღიარებაა, წყლის თხოვნა, რომელიც აავსებს მათ სულს სიკეთით და გახდის ერთიანს. თანალოცვის, ერთმანეთის ხელშეწყობის სული და სითბო სუფევდა ეკუმენური ლოცვის დროს, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ლოცვა აღავლინეს ასევე მსოფლიოში სისხლისღვრის და ტერორისტული აქტების შეწყვეტის და ყველგან პოლიტიუკური დაძაბულობის აღმოფხვრისა და მსოფლიოში მშვიდობისდა მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისთვის. ლოცვის მონაწილე მორწმუნეებმა სანათლავ ავზთან სანთლები დაანთეს და წყალში ჩაუშვეს. ეკუმენური ლოცვა დამთავრდა ოთხი წინამძღვარი ეპისკოპოსის მიერ თავის მშობლიურ ენაზე წარმოთქმული ლოცვითა და კურთხევით.
|