შეხვედრა ირაკლი ალასანიასთან |
მიმდინარე წლის 1 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენელთა შეხვედრა პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანიასთან. შეხვედრა ორგანიზებული იყო "პოლიტიკური მონაწილეობა დიალოგის გზით" პროექტის ფარგლებში, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით. შეხვედრის თემა იყო "საქართველო და სომხეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში". „ჰაიარტუნ“ ცენტრის ზემოაღნიშნული პროექტის მიზანია ქართველ პოლიტიკოსთა, საზოგადო მოღვაწეთა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა-დიალოგების მეშვეობით, პირველ პირთა მიერ საქართველოს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება როგორც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე დიალოგის ფორმატში ორგანიზებული შეხვედრებით თანამდებობის პირთა ინფორმირება სათვისტომოს ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებისა და პრობლემების შესახებ. შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველოსა და სომხეთის როლზე, ამ ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რისკებსა და პროგრესის პერსპექტივებზე. შემდეგ უპასუხა აუდიტორიისათვის საინტერესო შეკითხვებს. შეხვედრის ბოლოს პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ და მისმა თანხლებმა პირებმა დაათვალიერეს კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრის დარბაზები, გაეცნნენ წრეების სამუშაოებს და კმაყოფილებით შეაფასეს ცენტრის ფართომასშტაბიანი საქმიანობა.
|