ძველი თბილისი «ჰაიარტუნ“ ცენტრში |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზი პატარა იყო გამოფენის ყველა დამთვალიერებლის მისაღებად, გამოფენა კი, მართლაც, საინტერესო იყო, მონატრებული, თბილი გრძნობების აღმძვრელი... ჩემი თბილისი ... ამ სახელწოდებას ატარებდა ღვაწლმოსილი მხატვრის ჯოვანი ვეფხვაძის, 2015 წლის 6 თებერვალს, აქ გახსნილი ზეთის საღებავებით შესრულებული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. გამოფენილი იყო 30 ნამუშევარი, ჩვენგან მიმავალი და თითქმის გადაშენების წინაშე მყოფი ძველი თბილისის ავლაბრის, მეიდნის, შეითან ბაზრის, გოგირდის აბანოების, სადარბაზოების, იტალიური ეზოების, კინტოებისა და დუქნებში მოქეიფე თბილისელების გამოსახულებებით. ფერწერის გულშემატკივრები, ქალაქის მცხოვრებლები, რომელთაც ახსოვთ და არ ახსოვთ ტფილისი - სომხები, ქართველები, რუსები ... მონატრებული მზერით და გულწრფელი სითბოთი ათვალიერებდნენ ნამუშევრებს და განიცდიდნენ ძველ თბილისურ სითბოს. გამოფენა გახსნა "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა, მან სიამაყით აღნიშნა, რომ ცნობილი მხატვრის ჯოვანი ვეფხვაძის პირველი პერსონალური გამოფენა ზუსტად „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიხსნა, სადაც დღეს შექმნილია ძველი ქალაქისათვის დამახასიათებელი მოძრავი კოლორიტი. საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ, მინიატურისტმა მერუჟან შაუმიანმა ვეფხვაძე-შემოქმედს ფერმწერ- ესეისტი უწოდა, რომლის შექმნილი ყველა ტილო პალიტრის ფერებითა და მხატვრის მოხერხებული მონასმებით, შინაარსთან ახლოს ყოფნით, იქცნენ მისი შინაგანი სამყაროდან გამომდინარე ანარეკლებად. ცნობილმა ხელოვანმა ალექსანდრე პირადოვმა ხაზი გაუსვა ჯოვანის ფერწერის ორ მიმართულებას: ნამუშევრებს, რომლებიც აცოცხლებენ ძველ თბილისს, და ნატურმორტებს, რომლებიც რეალიზმის ფასდაუდებელი ნიმუშებია. ხატწერის დიდმა ოსტატმა მიხეილ მჭედლიშვილმა ჯოვანი ვეფხვაძის ნამუშევრებს, მათი რეალიზმით, უწოდა "სიცოცხლე ხელოვნებაში". ნამდვილი თბილისელი, სომხურ-ქართული მეგობრობის მქადაგებელი, თავისი ქალაქისთვის თავდადებული ჯოვანი ვეფხვაძე მრავალმხრივად ნიჭიერი შემოქმედია. მხატვრული სიტყვის დიდოსტატი, მხატვრული შემოქმედებების ავტორი, ვისი ნამუშევრებიც ითარგმნება სხვადასხვა ენებზე, - ასეთი იყო გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორის ვან ბაიბურთიანის, პოეტისა და მთარგმნელის ანაჰიტ ბოსტანჯიანის, მსახიობ რობერტ ჰოვანისიანის, ისტორიკოს ენოქ თადევოსიანის, მუსიკოს არტემ კირაკოზოვისა და სხვათა შეფასებები ჯოვანი-შემოქმედზე. ჯოვანი ვეფხვაძემ სიტყვაში აღნიშნა, რომ მის სულთან ახლოს იყო თბილისის თემა, ხატავდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საბაბით, ზოგჯერ მშვენიერის რეპროდუქციის აღფრთოვანებით, ზოგჯერ მიმავალი ყოველდღიურობის კვალის შესანარჩუნებლად ... და ეგ იყო ქალაქისადმი მისი სიყვარულის გამოხატულება. მხატვარმა ვეფხვაძემ მადლიერების სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიას, მის წინამძღვარს, „ჰაიარტუნ“ ცენტრს, საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირს, მისი ხელოვნების დაფასებისა და პერსონალური გამოფენის ორგანიზებისათვის. და ბოლოს, დალოცა რა დამსწრეები, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ჯოვანი ვეფხვაძეს უწოდა კეთილი, რწმენით სავსე, ღვთისმოსავი ადამიანი, რომლის ხელოვნება შთაგონებულია სიყვარულით. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, გაიხსენა რა ოსმანური თურქეთის მიერ მათ სამშობლოში წამებულ მილიონნახევარი სომეხი და რისვაივაგლახით გადარჩენილი დევნილები, რომლებიც ერთ-ერთმა პირველმა შეიფარა საქართველომ და ქართველმა ხალხმა, აღნიშნა, რომ აქ დამკვიდრებული უამრავი სომეხი ადამიანის და მათი შთამომავლების ხელით და ასევე მათი დიდი სიყვარულით აყვავდა და წარმატებული გახდა ეს მშვენიერი ქალაქი. წინამძრვარმა ყველას მოუწოდა აპრილში მოსარჩელის უფლებით გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა გახსენებისა და მათი ხსოვნის წინაშე ქედის მოხრისკენ. ჯოვანი ვეფხვაძის „ჩემი თბილისი“ რუბრიკით პერსონალური გამოფენა გაგრძელდება 14 თებერვლამდე. |