გენოციდის მსხვერპლი სომეხი ინტელიგენციის წინაშე ქედის მოხრა |
მიმდინარე წლის 10 აპრილს, საქართველოს მუსიკოსთა შემოქმედებითი კავშირის დარბაზში გაიმართა ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის მსხვერპლი სომეხი ინტელიგენციის ხსოვნის ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო, რუბრიკით „დიდებულთა ხსოვნისადმი“. ღონისძიება ინიცირებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მიერ, საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირთან თანამშრომლობით. დარბაზში ადგილები ეკავათ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს, მწერალ-მთარგმნელ გივი შაჰნაზარს, საქართველოს სახალხო დამცველის ეროვნული უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორს კობა ჩოფლიანს, სახალხო დამცველის ეროვნული უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელ მდივანს ბელა ოსიპოვას, თბილისის სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლებს. საღამოს მისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იური ვარდანიანმა. საღამოს წამყვანმა, საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ნაირა მარკარიანმა დეტალურად წარმოადგინა თურქების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სულიერ წონასწორობა დაკარგული კომიტას ვარდაპეტის ცხოვრების განვლილი გზა. მან ისაუბრა ასევე იმ სისასტიკეების და მიზანმიმართული ქმედებების შესახებ, რომლებსაც ჩადიოდა ოსმალეთის იმპერიის მთავრობა სომეხი ხალხის სულიერი წინამძრვრების, ხელისუფლებაში მყოფი სომეხი თანამდებობის პირების მიმართ. გამომსვლელმა მოიხსენია სომეხი ერის დიდებული შვილები: გრიგორ ზოჰრაპი, დანიელ ვარუჟანი, რუბენ სევაკი, სიამანთო და სხვები, რომლებიც თურქულ სისასტიკეს შეეწირნენ. საქართველოს სომეხი ინტელიგენციის თავმჯდომარე ენოქ თადევოსიანმა შეაჯამა ღონისძიება, ისაუბრა გენოციდის შემდეგ კომიტასის ცხოვრების წლებზე, მისი ნეშტის გადმოსვენებაზე, ხაზი გაუსვა საბჭოთა კავშირის ეთნიკურად სომეხი თანამდებობის პირების პატრიოტულ მოღვაწეობას, რომლებმაც მივიწყებას არ მისცეს გენოციდის აღიარების და სამართლიანობის გამარჯვების მოთხოვნა. ღონისძიება შემდგარად მიიჩნია საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იური ვარდანიანმა. თავის გამოსვლაში ბატონმა ელჩმა ისაუბრა იმაზე, რომ 10 მილიონი სომხობის ყურადღების ცენტრშია სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის ხსოვნის ღონისძიებები. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს სომხებს, სახელმწიფო კომისიის რეგიონალური კომიტეტის მოღვაწეობას, რომელიც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით, საქართველოში სრ საელჩოსთან თანამშრომლობით არა მხოლოდ ასრულებენ მიღებულ რეკომენდაციებს, არამედ დაგეგმილი უამრავი ღონისძიების ორგანიზებით პატივს მიაგებენ მილიონნახევარი მოწამე სომხების ხსოვნას. საღამოს მღელვარება შეივსო ერევნიდან სპეციალურად ჩამოსული მომღერალ წოვინარ სიმონიან-ლოკმაგიოზიანის, მევიოლინეების ნათია ჩილაშვილისა და მარიანა კირაკოზოვის (პიანისტი: ირინა პლატონოვა), თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდის (ქორმაისტერი: სვეტლანა ტატოევა), ინდივიდუალური შემსრულებლების ჰენრიხ პეტროსიანის, ნინა კარაპეტიანის, მედუდუკე ვანო მკრტჩიანისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის დუდუკისა და დოლის წრეების აღსაზრდელების მიერ კომიტასის ნაწარმოებების შესრულებით. მსახიობმა სამველ ელბაკიანმა წაიკითხა კომიტასისადმი მიძღვნილი ნაწყვეტი ვალერი უნანიანცის პიესიდან „ვილჟიუიფ კლინიკის პაციენტი“. ლევონ ჩიდილიანის მიერ წაკითხული ნაწყვეტი პარუირ სევაკის პოემიდან „ანლრელი ზანგაკატუნ“, პროტესტის გამოხატულება იყო, ცნობილი პიანისტის ანრი მეჰრაბოვას მიერ არნო ბაბაჯანიანის „ნოკტიურნის“ მშვენიერი შესრულება კი - სომეხი ხალხის მარადიულობის გამოხატულება. |