"სომეხთა გოლგოთა": სომეხმა და ქართველმა მხატვრებმა პატივი მიაგეს სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავს |
2015 წლის 19 აპრილს სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავის წინა დღეებში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა გამოფენა, რუბრიკით „სომეხთა გოლგოთა“, რომელზეც წარმოდგენილი იყო სომეხთა გენოციდის თემაზე თბილისისა და სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა თაობის სომეხი და ქართველი მხატვრების ნამუშევრები, მიძღვნილი გენოციდის მსხვერპლი მილიონნახევარი სომეხის ხსოვნისადმი. გამოფენას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სამღვდელოებასთან ერთად. დამსწრეებს შორის იყვნენ სომეხი, ქართველი, რუსი ხელოვანები, მხატვრები და ინტელიგენციის წარმომადგენლები, დედაქალაქის უცხოელი სტუმრები. საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ, ცნობილმა მინიატურისტმა მერუჟან შაუმიანმა განმარტა გამოფენის სიმბოლური სახელწოდება. იესო ქრისტეს აღდგომამდე მიმავალი გზის მსგავსად, სომეხი ხალხის განვლილი ისტორიული გზაც სავსე იყო ტანჯვით, ცრემლითა და სისხლით, რომელმაც ის მიიყვანა დერ-ზორის უდაბნომდე, მაგრამ გოლგოთას მწვერვალამდე მიღწეული მრავალტანჯული უფალივით, სომეხი ხალხი გადარჩა და აღორძინდა, მსოფლიოს წინაშე წარსდგა მისი კულტურით, სამეცნიერო მიღწევებით და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით. გამოფენის მონაწილე მხატვრებმა გელა კენჭუაშვილმა, ამირან კუპრავამ, გია მარკოზაშვილმა, ლადო კვაჭაძემ, არტემ ანტანოსიანმა, მიქაელ გრიგორიანმა, ვალიკო არაქელიანმა, კარლენ კარაპეტიანმა და სხვებმა, გამოფენის 60-ზე მეტი ტილოთი მათი რისხვა გამოხატეს გენოციდის წინააღმდეგ, დაგმეს ხალხის სასტიკი წამება. გამოფენის ორგანიზებას, „ჰაიარტუნ“ ცენტრის საქმიანობას, ქართველი მხატვრების მონაწილეობას და პირადად საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ერისათვის თავდადებულ მოღვაწეობას მადლიერების სიტყვები გამოუხატეს გამომსვლელებმა - სსრკ დამსახურებულმა მხატვარმა ლევონ ოსიპოვმა, ისტორიკოსმა ენოქ თადევოსიანმა, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ მიქაელ გრიგორიანმა და სხვებმა. პოეტესა მარინა მოსესოვა-კირაკოსიანმა საკუთარი ლექსის დეკლამაციით გამოხატა მისი აღშფოთება, სამართლიანობის მოთხოვნა უდანაშაულო წინაპართა ტანჯვისა და მათი სასტიკი წამებისათვის. ბოლოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანმა აკურთხა ყველა მონაწილე, მაღალი შეფასება მისცა გამოფენას და ქართველი მხატვრების მონაწილეობას უწოდა სომხეი ხალხის 100 -წლიანი ტკივილის გაზიარება. წინამძღვარმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს და საქართველოს, რომელმაც იმ საშინელ დღეებში დახმარების ხელი გაუწოდა გენოციდს გადარჩენილებს და თავშესაფარი მისცა თავის ქვეყანაში. დღეს მათი შთამომავლები თავდადებულად აგრძელებენ მუშაობას ამ ქვეყნის კეთილდღეობისათვის. გამოფენის დროს გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის იგიდით და „ჰაიარტუნ“ ცენტრისა და „შენ“ ასოციაციის მხარდაჭერით გამოქვეყნებული „სომეხთა გოლგოთა“ კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს გამოფენის მონაწილე მხატვრების ნამუშევრებს. გამოფენა იქცა სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის დაგმობის და სამართლიანობის აღდგენის ერთობლივი მოთხოვნა. |