საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს |
ამა წლის 27 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი თბილისის საპატრიარქოში შეხვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქს უწმინდესაა და უნეტარესს ილია მეორეს. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ უწმინდესს გადასცა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის სამძიმრის წერილი, 14 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის დამანგრეველი შედეგებისა და ადამიანური მსხვერპლის გამო და გადასცა სომეხთა კათოლიკოსის კეთილი სურვილები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და სრულიად საქართველოს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქთან ერთად განიხილა ასევე საქართველოს სომხური სათვისტომოსა და სომეხთა ეკლესიისთვის საჭირბოროტო საკითხები. ორივე მხარემ გამოთქვა მოსაზრება, რომ მსგავსი საკითხების განსახილველად საჭიროა ხშირი შეხვედრები, ქრისტიანული სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში მათ განსახილველად, საჭიროა თავის შეკავება ისეთი ქმედებებისაგან, რომლებსაც ზიანის მიყენება შეუძლიათ სომხურ-ქართული მრავალსაუკუნოვანი რელიგიური ძმობისათვის. საქართველოს ეკლესიის პატრიარქმა ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ II-ს ყველაფერი საუკეთესო უსურვა და დასძინა, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იქნება სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის გვერდით. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, სამუშაო შეხვედრა შედგა საქართველოს საპატრიარქოს თანამდებობის პირებთან. საქართველოს სომეხთა ეპარქიის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდა სამართლის საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი და ანალიტიკური ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების პასუხისმგებელი დიაკვანი გევორგ ანტონიანი. ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი და სხვა სასულიერო პირები. |