დამშვიდობება სკაუტთა ბანაკთან, ხელახლა დაბრუნების მოლოდინით |
თბილისელი სომეხი ახალგაზრდების ჯგუფმა წელსაც საზაფხულო დასვენების ორი კვირის გატარება სკაუტთა ბანაკში არჩია, რომელიც სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში უკვე მე-8 წელი ზედიზედ მოეწყო სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონის სოფელ ლერმონტოვოს ველზე მდებარე სატყეო ტერიტორიაზე. 2015 წლის 10 ივლისს, თბილისის ახალგაზრდული ჯგუფი "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელ ლევონ ჩიდილიანთან ერთად ჩავიდა ბანაკში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) 11 აქტივისტი ბიჭი და გოგონა, ოვანეს შაჰნაზარიანის ხელმძღვანელობით, 12 დღე იყო „ანდრანიკ“ სკაუტთა ბანაკში და იწვნია საკარვო ცხოვრების სიამოვნება. ბანაკმა უმასპინძლა 120 ახალგაზრდას ლიბანიდან, ერაყიდან, დუბაიდან, თბილისიდან, ერევნიდან და სხვა ქალაქებსა და ქვეყნებიდან. ბანაკის გახსნის ცერემონია აკურთხა გუგარქის ეპარქიის წინამძღვარმა არქიეპისკოპოსმა სეპუჰ ჩულჯიანმა. მხიარული და საინტერესო იყო ბანაკის ყოველდღიური ცხოვრება: ის იწყებოდა დილის ვარჯიშით და დროშის ცერემონიით, შემდეგ საუზმე, კარვის და ტერიტორიის დასუფთავება, ლაშქრობები, ლექციები, თამაშები, საღამოს კი - სიმღერა და ცეკვა კოცონის გარშემო და ისევ დროშის ცერემონია და საძილე ტომრებში ტკბილი ძილი. აქ ცხოვრება იმდენად მიმზიდველი და სახალისო იყო, რომ ბევრი თბილისელი ახალგაზრდა „ანდრანიკ“ ბანაკში ჩავიდა მეორედ, მესამედ და მეოთხედ. 2008 წელს შექმნილი „ანდრანიკ“ სკაუტური ბანაკი ყოველ წელს ფართოვდება, მოიცავს უფრო მეტ ქვეყანას. სკაუტური ბანაკები მშვენიერი შესაძლებლობაა სამშობლოში, ერთ ჭერქვეშ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სომეხ თანატოლებთან ურთიერთობისათვის, კავშირების დამყარებისთვის. სომხეთში გატარებული დღეები დაუვიწყარი გახდა ასევე გიუმრიში კომოტასის, ანდრანიკ ოზანიანის სახლ-მუზეუმების დათვალიერებით, სკაუტებმა მოინახულეს მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინი, ჰაღარწინი, იყვნენ ანსამბლ „გოჰარის“ კონცერტზე. არქიეპისკოპოს სეპუჰის მიწვევით, „ანდრანიკ“ ბანაკი ეწვია გუგარქის რეგიონის „წიწერნაკ“ ბანაკს. ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ბანაკის ცხოვრების დასრულებისადმი მიძღვნილი ტრადიციული კოცონის გარშემო საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილება წარმოადგინეს ანი ღუშჩიანმა და ოვანეს შაჰნაზარიანმა. სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში, სომხური ახალგაზრდული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი სანთურიანმა მაღალი შეფასება მისცა თბილისელი ახალგაზრდების მონაწილეობას და სკაუტის მოდელი უწოდა გევორგ ავეტისიანს. ახალგაზრდები დაემშვიდობნენ ერთმანეთს მომავალ წელს ისევ შეხვედრის მოლოდინით. |