საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსის, ვაზგენ მირზახანიანის მიმართვა საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წლიური ანგარიშის მონაწილეებისადმი |
პატივცემულო სახელმწიფო მოღვაწეებო, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სფეროში მოღვაწენო, სულიერნო ძმანო, ძვირფასო დებო და ძმებო, საქართველოში სომეხთა ეპარქიის სასულიერო დასისა და მრევლის სახელით მოგესალმებით ყველას და ვლოცულობთ თითოეული თქვენგანის დღეგრძელობისა და სულის ხსნისათვის. 2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაარსებამ დიდი როლი შეასრულა საქართველოს რელიგიურ თემებში არსებული საკითხების გადაწყვეტის მიმართულებით. ეს იყო ქვეყნის მხრიდან გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპულ ოჯახში შესვლის თვალსაზრისით, რადგანაც საქართველოს ახალი ხელისუფლება რელიგიური თემების ინტერესებში არსებული პრობლემების მიმართ გამოხატავს ყურადღებას და აღიქვამს მათ. ეს გამოვლინდა ისლამური თემისათვის მეჩეთების, ებრაული თემისათვის სინაგოგების დაბრუნებით და ქრისტიანული თემებისათვის სამლოცველოების დაბრუნების მზადყოფნით. განსაკუთრებით აღსანიშნავია საბჭოთა პერიოდში რელიგიური თემებისადმი მიყენებული ზიანის ნაწილობრივი კონფენსაცია. საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების ფარგლებში სახემლმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრებით საქარათველოში სომეხთა ეპარქიას შესაძლებლობა მიეცა, გაეფართოვებინა თავისი საქმიანობა სულიერ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში. დღითი-დღე თავის საქმიანობას აფართოვებს აგრეთვე რელიგიურ საკითხთა სააგენტო, რაც მეტ ნდობას აღუძრავს საქართველოში მოქმედ რელიგიურ თემებს. აღნიშნულმა წინ გადადგმულმა ნაბიჯებმა გაზარდა სახელმწიფოსადმი ნდობა და თანამშრომლობის ახალი გზები გახსნა. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიდგომას რელიგიური გაერთიანებების პრობლემებისადმი. იმედი გვაქვს, რომ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართელოს ეპარქიისათვის კუთვნილი ტაძრების დაბრუნების საკითხი უახლოეს პერიოდში დადებითად იქნება გადაწყვეტილი. პროგრესი აღინიშნება აგრეთვე სომხური ისტორიული ძეგლების მიმართ სახელმწიფოს მიერ გამოჩენილი ყურადღების კუთხით. ამის მაგალითია „ნორაშენის“ ეკლესიის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, რომელიც ხორციელდება საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით სომეხთა ეპარქიის, საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად. აქედან გამომდინარე ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი გზით თანამშრომლობა უფრო დიდ შედეგამდე მიგვიყვანს. საქართველოში სომეხთა ეპარქიის სახელით გარწმუნებთ, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას სააგენტოსთან და მის ხელმძღვანელთან, ბატონ ზაზა ვაშაყმაძესთან ჩვენ მიერ ინტეგრირებული ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის პრინციპებისადმი ერთგულების დაცვით. ვლოცულობთ, რომ უფალმა მშვიდობით ამყოფოს საქართველო. დაე, კურთხეულ ქართულ მიწაზე მცხოვრებმა რელიგიურმა თემებმა და ეთნიკურმა სათვისტომოებმა მშვიდობიანი თანამშრომლობით გააგრძელონ ჩვენი წინაპრების მიერ დანატოვარი ქვეყნის შენება. |