აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
2016 წლის 27 მარტს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული თბილისში, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, ბათუმში აღინიშნა უამრავი მორწმუნის მონაწილეობით. მორწმუნეებით სავსე თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიებში ჩატარდა ღვთისმსახურება, „ანდასტანი“ (მსოფლიოს ოთხი მხარის კურთხევა), შემდეგ აღევლინა სააღდგომო ლიტურგია. ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში სააღდგომა ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვრის მისასალმებლად და სააღდგომო ლიტურგიაზე დასასწრებად ბათუმის სომხურ ეკლესიაში იყვნენ მისული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი არჩილ ხაბაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული ჰუსეინ მაშჰადი, ბათუმში სრ გენერალური კონსული არამ გრიგორიანი. სააღდგომო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ალექსანდრე მანთაშევის სახელობის განათლების, ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრში ეპარქიის წინამძღვარმა გახსნა მხატვარ ჰრაჩ სეჩინიანის ნამუშევრების გამოფენა . თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, სათვისტომოს წარმომადგენლები, განათლებისა და კულტურის მოღვაწეები, მრავალრიცხოვანი მრევლი. საღმრთო ლიტურგია აღავლინა მღვდელი სამველ თოროსიანმა. მამა სამველმა წაიკითხა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის გარეგინ მეორის სააღდგომო ეპისტოლე. სააღდგომო ლიტურგიის ბოლოს, ქვემო ქართლის რეგიონის სომხური თემების სულიერმა მოძღვარმა არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა დამსწრეებს მიულოცა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის სახელით მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, დამსწრე ოფიციალურ პირებს, კერძოდ, არქიმანდრიტმა ბრძანა: "არსებობენ უამრავი ხალხები, რომელთაც არა აქვთ სახელმწიფოებრიობა, ჩვენ - საქართველოს სომხებს კი ორი გვაქვს. ჩვენ თანაბრად გვიყვარს სომხეთის რესპუბლიკა და საქართველო. ჩვენ ვამაყობთ, რომ სომხები ვართ, და ვამაყობთ, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეები ვართ ... " აღსანიშნავია, რომ მთელი ვნების კვირის განმავლობაში და აღდგომის ბრწყნვალე დღესასწაულის დღეს მოძმე ეკლესიების მორწმუნენი - კოპტები, ასირიელები და ინდოელი მალაბარები სიამოვნებით იღებდნენ მონაწილეობას თბილისის სომხური ეკლესიების რიტუალურ ცერემონიებში. იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღმრთო ლიტურგიები აღევლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში.
|