მომლოცველობა სოფელ წითელის „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველოსკენ |
სიახლეები |
2017 წლის 4 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევითა და საეპისკოპოსოს მხარდაჭერით, მოეწყო თბილისელ მომლოცველთა მომლოცველობა ქვემო ქართლის რეგიონის სოფელ წითელის „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველოსკენ. მომლოცველობა მიეძღვნა დღის საიდუმლოს - გრიგოლ განმანათლებლის შვილებისა და შვილიშვილების, არისტაკესის, ვრთანესის, ჰუსიკის, გრიგორისისა და დანიელის ხსოვნას. დილით ადრე მომლოცველთა დიდი ჯგუფი „სურბ გევორგ“ საკათედრო და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიებიდან გაემგზავრა სოფელ წითელში. სოფელში ჩასულმა მომლოცველებმა სანთლები დაანთეს „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველოში. თბილისელი სომეხი მომლოცველებით და ადგილობრივი მორწმუნეებით სავსე სამლოცველოში, საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსეულმა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა. წირვის დროს, მწირველმა მღვდელმა იქადაგა სომხეთში ქრისტიანობის პირველი გამავრცელებლების - თადეოზ და ბართლომე მოციქულების,გრიგოლ განმანათლებლის შვილებისა და შვილიშვილების შესახებ, ისაუბრა ქრისტიანობისათვის წამებული სურბ სარგის მხედართმთავრის და მისი ვაჟის - მარტიროსის, და 14 ჯარისკაცის შესახებ. მწირველმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის კურთხევით, სურბ სარგის მხედართმთავრის დღე გამოცხადებულია ახალგაზრდების კურთხევის დღედ და მოუწოდა მორწმუნეებს დაიცვან ხალხური წესები.მორწმუნეებმა ყურადღებით მოისმინეს ქადაგება და მიიღეს ზიარება. დაახლოებით 200-მდე ოჯახი ცხოვრობს მარნეულის რიონის სოფელ წითელში. უფროსი თაობის გადმოცემით, სოფელს 100 წლის ისტორია აქვს, დასახლებულია ეთნიკური სომხებით, აქ ძირითადად ცხოვრობენ დასავლეთ სომხეთიდან აყრილ და ვაივაგლახით გადარჩენილთა შთამომავლები. დასახლდნენ რა ხელსაყრელი პირობების მქონე ამ ტერიტორიაზე, სომხებმა შეინარჩუნეს და დაიცვეს თავიანთი ენა, რელიგია, ეროვნული ღირებულებები. საბჭოთა პერიოდში არ ჰქონდათ სამლოცველო და ეკლესია, მაგრამ ყოველთვის გრძნობდნენ ღვთის სახლის საჭიროებას. 2012 წელს აქ აშენდა და საზეიმოდ იქნა ნაკურთხი „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველო, სადაც ეპარქიის მღვდელმსახურები პერიოდულად აღავლენენ საღმრთო ლიტურგიებს და ატარებენ სარიტუალო ცერემონიებს. |