1geo

fb you od

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლეონ მელიქსეთ-ბეგის ხსოვნას მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენცია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Melikset-Bek

2013 წლის 14-15 ნოემბერს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა პროფესორ ლეონ მელიქსეთ-ბეგის ხსოვნისადმი   მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. ღონისძიების ინიციატორი იყო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი.

დიდ აღმოსავლეთმცოდნე და ისტორიკოს ლეონ მელიქსეთ-ბეგს უდაოდ დიდი წვლილი აქვს სომხურ- ქართული ისტორიული წყაროების შესწავლის ისტორიაში. იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის დამფუძნებელი, მან აღზარდა და სამეცნიერო კვალზე დააყენა უამრავი არმენოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე და ისტორიკოსი. ლეონ მელიქსეთ-ბეგის სახელს ატარებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის დეპარტამენტი. დიდი მეცნიერის გარდაცვალების 50 წლისთავს მიეძღვნა ხსოვნის კონფერენცია.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და უნივერსიტეტის მეცნიერები, მელიქსეთ-ბეგის სტუდენტები, რომელთა უმეტესობა ცნობილი მეცნიერია და მისი საქმის გამგრძელებელი, პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები, სტუდენტები. კონფერენციის მუშაობას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის შემოქმედებითი კავშირების ხელმძღვანელები, „ჰაიარტუნ“ ცენტრის თანამშრომლები. დარბაზში იმყოფებოდნენ ასევე დიდი მეცნიერის ოჯახის წევრები - ვაჟი და შვილიშვილი.

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა და მონაწილეებს მიესალმა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი აპოლონ სილაგაძე.ლეონ მელიქსეთ-ბეგ მეცნიერზე, როგორც არმენოლოგიის კათედრის გამგეზე,   კავკასიის რეგიონში უნიკალური მდიდარი ბიბლიოთეკის შემქმნელზე და სამეცნიერო ხელმძღვანელზე მოგონებებით გამოვიდნენ   საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ზაზა ალექსიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, პოეტი - მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, აღმოსავლეთმცოდნე - მთარგმნელი ზეზვა მედულაშვილი,   გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი. ისტორიკოსმა, სომეხი ინტელიგენციის თბილისის კავშირის თავმჯდომარემ ენოქ თადევოსიანმა   კონფერენციას უსურვა ნაყოფიერი მუშაობა და არმენოლოგიის კათედრას აჩუქა სამველ მარგარიანის ნაშრომის - „შუა საუკუნეების ირანის ისტორია“,   ორი ეგზემპლარი.

როგორც კონფერენციაზე წარმოდგენილი სხვა მოხსენებები, საინტერესო და შინაარსიანი იყო ასევე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თანამშრომლის დიანა ტერ-ბაღდასაროვას მოხსენება, ვისაც დაწვრილებით ჰქონდა შესწავლილი და დამსწრეებს წარუდგინა       მოხსენება:   " ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში დაცული 404 ხელნაწერის კოდოლოგიური და ტექსტოლოგიური შესწავლა". 

ლეონ მელიქსეთ-ბეგის სამეცნიერო საქმიანობის მაღალი შეფასებისა და მისი ხსოვნის უკვდავყოფისათვის მადლობის სიტყვით გამოვიდა დიდი მეცნირის შვილიშვილი მანანა მელიქსეთ-ბეგი.

 სამეცნიერო კონფერენეციაზე წარდგენილი მოხსენებები დაიბეჭდება ერთ სამეცნიერო კრებულად.

 

IMG 4944

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)