1geo

fb you od

ხელახლა აკურთხეს ალათუმანის „სურბ ერორდუთიუნ“ („წმიდა სამების“) ეკლესია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

alatuman

23 ნოემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ჯავახეთის ეპარქიალური ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის, არაკოვასა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის მღვდელ თადეოს ტერ- მკრტჩიანის, მღვდელ ტათევ მარუქიანისა და მღვდელ ტიგრან მხითარიანის მონაწილეობით, ხელახლა აკურთხა ახალქალაქის რაიონის სოფელ ალათუმანის „სურბ ერორდუთიუნ“ ეკლესია და ეკლესიის ეზოში აღმართული ხაჩქარი. ეკლესიის ხელახალი კურთხევის წესის შესრულების შემდეგ მღვდელმა თადეოს ტერ-მკრტჩიანმა აღავლინა წმიდა და უკვდავი წირვა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ჯავახეთის და, კერძოდ, ალათუმანის მაცხოვრებლებს გადასცა ყოველთა სომეხთა კათალიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევა და კეთილი სურვილიები. წმიდა მამამ თავის გამოსვლაში აღნიშნა: "დღეს არიან ადამიანები, რომლებიც, ნამდვილად, ეძებენ ღმერთს და ამ გზაზე მოდიან და ქედს იხრიან ღვთის ტაძრის წინაშე. სომხებით დასახლებულ ამ მყუდრო კუთხეში ცხოვრობს ხალხი, რომელიც ძნელი შრომით შოულობს თავის სარჩოს და ასე ახლოსაა ეკლესიასთან." დამსწრეებს გადასცეს ასევე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონ ჰოვანეს მანუკიანის მისალმება.

ჯავახეთის ეპარქიალურმა ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა მაღალი შეფასება მისცა ქველმოქმედის შესრულებულ სამუშაოს. „ალათუმანელები თითქმის ერთი საუკუნე ელოდნენ ამ სანუკვარ დღეს. ოცნებობდნენ სურბ ერორდუთიუნ ეკლესია ეხილათ კათილმოწყობილი, მოესმინათ ზარების რეკვა, სანთლები დაენთოთ და ლოცვა აღევლინათ. და აი, მათი ოცნება რეალობად იქცა“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა და ქველმოქმედს გადასცა კურთხევის წერილი და ბიბლია.

„სურბ ერორდუთიუნ“ ეკლესია აღიმართა 1830-იან წლებში. ეკლესიის შენობა   დაზიანდა 1899 წლის მიწისძვრის დროს. ის გარემონტდა და ტერიტორია კეთილმოეწყო რუსეთში მცხოვრები, ჯავახეთში დაბადებული ალიკ მაკარიანის შემოწირულობით. ქველმოქმედის მამის ხსოვნას მიეძღვნა ეკლესიის ეზოში აღმართული ხაჩქარი.

ეკლესიის ხელახალი კურთხევის წმიდა ცერემონიალს ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის ეთნიკურად სომეხი დეპუტატი სამველ პეტროსიანი, რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ჰარუთიუნ ჰოვანესიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსესიანი, გამგებელი ედუარდ აღასარიანი, სომხეთიდან, რუსეთისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული სტუმრები და მომლოცველები. ეკლესიის კურთხევის შემდეგ შესრულდა შესაწირის ტრადიციული კურთხევა.

დღესასწაულს მიეძღვნა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ მავრ მკრტჩიანი და მისი მეგობრები, „კარინ“ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, გაგიკ გინოსიანის ხელმძღვანელობით, სოფელ ბარალეთის ბავშვთა ეთნოგრაფიული ანსამბლი.

სოფელი ალათუმანი მდებარეობს ახალქალაქიდან 20 კილომეტრში. სოფელს ორ ნაწილად ჰყოფს ახალქალაქი-ტაბაწყურის საავტომობილო მაგისტრალი.

სომეხმა მოსახლეობამ აქ გადმოსახლება დაიწყო 18 საუკუნიდან, კარინის ამავე სახელწოდების   პროვინციიდან.

DSC03713 DSC03733 DSC03824 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)