თბილისში მეასედ აღინიშნა საიათნოვას „ვარდატონი“ |
25 მაისს საიათნოვას საიუბილეო „ვარდატონი“ დაიწყო თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საკვირაო ღვთისმსახურებით. „ვარდატონში“ მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა რაიონებიდან და ქვეყნებიდან ჩამოსულმა სტუმრებმა და სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა ღვთისმსახურების შემდეგ თბილისის ხოჯივანქის პანთეონში პატივი მიაგეს ერის ღირსეული შვილების საფლავებს. ამასობაში, მრავალათასიანი და მრავალეროვანი საზოგადოება „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ეზოში, სადაც განისვენებს დიდი პოეტი, ელოდა საიათნოვას „ვარდატონის“ დაწყებას. ერთი საუკუნის წინ, ოვანეს თუმანიანის, გევორგ ბაშინჯაღიანისა და იოსებ გრიშაშვილის ინიციატივით დაარსებული „ვარდატონი“ დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას და ხალხის ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია. აღსანიშნავია, რომ წინა დღეს „ჰაიარტუნ“ ცენტრში საზეიმოდ აღინიშნა იოსებ გრიშაშვილის დაბადების 125 წლის იუბილე. დღესასწაულს ესწრებოდნენ სომხეთის მწერალთა კავშირის, საქართველოს მწერალთა კავშირის, სრ დიასპორის სამინისტროს, საფრანგეთის ქალაქ მარსელის დელეგაციები. 100 წლის ტრადიციის თანახმად, „ვარდატონ-2014“ დაიწყო უკვდავი აშუღის ძეგლის წითელი ვარდებით შემკობით. საიუბილეო ზეიმი ორგანიზებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მიერ, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, სრ კულტურისა და დიასპორის სამინისტროთა, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის სამეურვეო საბჭოს პატრონაჟით. "ვარდატონ-2014“ გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა. საზეიმო ღონისძიების წამყვანები იყვნენ ანა პოღოსოვა და ლევონ ჩიდილიანი. მისასალმებელი და მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი და სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ედვარდ მილიტონიანი. შემდეგ გამოვიდნენ პოეტ-მთარგმნელები გივი შაჰნაზარი და ანაჰიტ ბოსტანჯიანი, ბადრი ქუთათელაძე, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე გევორგ სნხჩიანი. მათ ადიდეს ის ხალხი, რომელმაც მსოფლიოს მისცა გენიალური საიათნოვა. ღონისძიების საკონცერტო ნაწილი ტრადიციულად გახსნა სომხეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი რადიოს საიათნოვას სახელობის სახელმწიფო დამსახურებულმა ანსამბლმა, პროფესორ თოვმას პოღოსიანის ხელმძღვანელობით. თბილისის უძველეს მეიდანზე სიყვარული და მეგობრობა სუფევდა, საიათნოვას სიმღერები ვრცელდებოდა სომხურად და ქართულად - ანსამბლ „ქსოვრელების“, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების, მომღერლებისა და დეკლამატორების, სომხეთის და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული შემსრულებლების მიერ. სადღესასწაულო ღონისძიების მონაწილეები დალოცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელო მხიარული სიმღერითა და ცეკვით, ლამაზი ლექსებით "ვარდატონ-2014" იქცა ხალხურ დღესასწაულად, სიყვარულისა და მეგობრობის ხოტბით.
|