პასტორალური ვიზიტი გურიის ქალაქ ოზურგეთში |
აჭარის, გურიის, იმერეთის სომხებისა და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი მღვდელი არარატ გუმბალიანი, ეკლესიის საკვირაო სკოლების პასუხისმგებელ სონა ჰოვანისიანთან, მასწავლებლებთან - გაიანე ვარდანიანთან, დიანა ჰაკობიანთან, „აღბიურ“ გუნდის ხელმძღვანელ რუზანა ჰოვანისიანსა და ახალგაზრდული მოძრაობის წევრებთან ერთად პასტორალური ვიზიტით ეწვია გურიის ქალაქ ოზურგეთს, სადაც რამდენიმე ასეული სომხური ოჯახი ცხოვრობს. ქალაქ ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის ეზოში დიდი ენთუზიაზმით და მოლოდინით ქალაქ ბათუმიდან ჩამოსულ სტუმრებს დახვდა დაახლოებით ორასი სომეხი. მამა არარატი მიესალმა დამსწრეებს, მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისათვის. სულიერმა მამამ წარადგინა ვიზიტის მიზანი: ოზურგეთში სომხური სათვისტომოს შექმნა, საკვირაო სკოლის გახსნა, სადაც სომეხი მოსწავლეები ისწავლიან სომხური ენას, სომხურ წიგნიერებას, გაეცნობიან სომეხთა ეკლესიის და ერის ისტორიასა და კულტურას, ასევე მუსიკალური, საცეკვაო ანსამბლების შექმნა და ადგილზე კულტურული პროგრამების განხორციელება. მამა არარატმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ აჭარაში, ისევე როგორც სომხებით დასახლებულ სხვა რეგიონებში უმთავრესი მიზანი სომხური იდენტურობის შენარჩუნებაა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საკვირაო სკოლების პასუხისმგებელი სონა ჰოვანისიანი. ამ უკანასკნელმა წარადგინა ოზურგეთში შესაქმნელ „საჰაკ პართევ“ სომხური ენის სწავლების საკვირაო სკოლის პროგრამა, რის შემდეგაც მასწავლებლებმა შეადგინეს სკოლაში მისვლის მსურველთა სია. დამსწრე ბავშვებს გადაეცათ საჩუქრები. ამის შემდეგ მამა არარატი, ერთი ჯგუფი სომხების თანხლებით, ეწვია ოზურგეთელ, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ მიშა ტუმასიანის სახლს, რომლის ეზოშიც მდებარეობს სომხური სამლოცველო. მამა არარატმა შესთავაზა ამ წმინდა ადგილის აღდგენა, საკურთხევლის, ნათლობის აუზის აშენება, სადაც ამიერიდან შესრულდება სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის რიტუალები: ღვთისმსახურება, ნათლობა, ქორწინება და სხვა საიდუმლოები. ასევე შეთანხმდნენ, რომ ამ სახლში იქნება საკვირაო სკოლა. საღამოს ბათუმიდან ჩამოსულ სტუმრებს თავის ბინაში გაუმასპინძლდა მურადიანების ოჯახი.
|