საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ტოლერანტობის ცენტრის დაარსების 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში |
2015 წლის 8 აპრილს, თბილისის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე – „საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება მხატვრობაში“, წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში დაცული 115 ნამუშევარი, რომლებიც XIX-ХХI საუკუნეებში საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელ მხატვართა მიერ არის შესრულებული და საქართველოს მრავალეროვნულ და მრავალკონფესიურ კულტურულ ტრადიციებს ასახავს. საქართველოს სომეხთა ეპარქია და „ჰაიარტუნ“ ცენტრი გამოფენაზე სათანადო დონეზე იყო წარმოდგენილი. საქართველოში ხელოვნების განვითარების საქმეში წარუშლელი კვალი დატოვა თბილისის სომხურმა სკოლამ, რომლის გზის გამკვლევების, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის, სერგო ფარაჯანოვის, გაიანე ხაჩატურიანის, ლევ ბაიახჩევის, ზულეიკა ბაჟბეუკ მელიკოვას ფერწერული, გრაფიკული ნახატები და კოლაჟები სიდიადით იყო წარმოდგენილი გამოფენაზე. აღსანიშნავია ასევე თანამედროვე თბილისელი სომეხი მხატვრების ნამუშევრები. მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი მინიატურისტ მერუჟან შაუმიანის, მარინა ხაჩატუროვას, ირენა ოგანჯანოვას, არტემ ალაბულიანცის და სხვათა ტილოები. ღონისძიება გახსნა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. იგი შეეხო სხვადასხვა ეთნოსების და რელიგიური თემების წარმომადგენელთა ექსპოზიციებს და მადლობა გადაუხადა საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს: აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს და გაეროს ასოციაციას, გაეროს განვითარების პროგრამას, ECMI-ს, სხვადასხვა წლებში სახალხო დამცველის აპარატთან მოქმედი ტოლერანტობის ცენტრის მხარდაჭერისათვის. გამოფენას ესწრებოდნენ "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელი ვალერი ბადალიანი და სოციალური განყოფილების პასუხისმგებელი დიაკვანი გევორგ ანტონიანი. გამოფენა გაგრძელდება 28 აპრილამდე.
|