1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისასალმებელი სიტყვა საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2016-2017 წწ. საქმიანობის საანგარიშო კონფერენციის დროს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სტატიები

A1

ღრმად პატივცემულო სახელმწიფო, პოლიტიკურო მოღვაწეებო,   დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებო, რელიგიური თემების წინამძღვრებო, დებო და ძმებო,  

მივესალმები  და პოზიტიურად ვაფასებ საქართველოს რელიგიის საკითხთა   სახელმწიფო სააგენტოს 2016-2017 წლების საქმიანობას და მიმაჩნია, რომ 2014 წელს საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული სააგენტოს დაფუძნება სწორი გადაწყვეტილება იყო. დასაფასებელია გასული 4 წლის განმავლობაში, სააგენტოს გაწეული სამუშაო, იმედის მომცემია სააგენტოს ხელმძღვანელის, ბატონი ზაზა ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული გუნდის საქმიანობა, რაც  იმედს იძლევა წლების განმავლობაში დაგროვილი საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

თუმცა, სასურველი იქნებოდა, რომ სააგენტოს მინიჭებოდა უფრო ფართო უფლებები და შესაძლებლობები, რათა მრავალეროვან   და მრავალკონფესიურ საქართველოში სააგენტოს ჩამოეყალიბებინა საჭირო პოლიტიკა, მიდგომა, რელიგიური თემების მიმართ გამოეჩინა თანაბარი და სამართლიანი მიდგომა, რათა რელიგიური თემები ერთმანეთს არ ედავებოდნენ თავიანთ ისტორიულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ ერთობლივი ძალებით ჩაებნენ ქვეყანაში სულიერი, მორალური ატმოსფეროს გაჯანსაღების, ჩვენი მოქალაქეების მორალური სახის ჩამოყალიბების წმინდა საქმეში,

უდავოდ, სააგენტომ თავისი პროგრამები შეუძლია განახორციელოს საქართველოში მოქმედი კანონის ფარგლებში. ჩვენ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს მიიღოს რელიგიის შესახებ კანონი, რომელიც გაითვალისწინებს რელიგიური ორგანიზაციების მიმართ თანაბარ მიდგომას, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებს მისცემს საგადასახადო თანაბარ შეღავათებსა და ვალდებულებებს, რათა  ქართულ კურთხეულ და მრავალტანჯულ მიწაზე ადამიანებში აგრესიის, დანაშაულის, ერთმანეთის მიმართ მტრობის ნაცვლად დაისადგუროს ტოლერანტობამ, შემწყნარებლობამ, სიყვარულმა და სიკეთემ.

არადა, ამდენი რელიგიური წმინდა ადგილების, სულიერი მსახურების არსებობის პირობებშიც კი საზოგადოებაში ჯერ კიდევ თავს იჩენს არა ტოლერანტული დამოკიდებულება, აგრესია. მეტიც, ქვეყანაში  მატულობს კაზინოები, ღამის კლუბები, ხშირად ტელევიზიები ავრცელებენ გადაცემებს და აჩვენებენ ისეთ ფილმებს, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ტრადიციებსა და კულტურას.    აქედან გამომდინარე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ   უნდა იკისროს პასუხისმგებლობა, რომ   რელიგიური თემების ლიდერებთან, სულიერ მსახურებთან და მრევლთან ერთად  იმოქმედონ ზემოაღნიშნული უარყოფითი გამოვლინებების დასაძლევად.

ქართველი ხალხი და ქართული საზოგადოება ისტორიის მანძილზე  იყო კაცთმოყვარე, მართლმსაჯული, თავისუფლების მოყვარე, და ჩვენ გვჯერა, რომ დღესაც იგივე სულისკვეთება აგრძელებს სიცოცხლეს ქართველ ხალხსა და ქართულ საზოგადოებაში, რაც შესაძლებლობას შექმნის, რომ რელიგიურმა და ეთნიკურმა თემებმა საქართველოში თავი  იგრძნონ ქვეყნის     სრულყოფილ   მოქალაქეებად და იკისრონ სრული პასუხისმგებლობა   საქართველოს მიმართ.   

ღმერთმა დალოცოს საქართველო,  კურთხეულ ქართულ მიწაზე მცხოვრები ხალხები,  რელიგიური თემები, მშვიდობა და კურთხევა უბოძოს ყველას.