პატივცემულო სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებო, დიპლომატიური კორპუსის და საზოგადო სფეროს მოღვაწენო, სულიერო ძმებო, ძვირფასო დებო და ძმებო. საქართველოს სომეხთა ეპარქიის მღვდელმსახურების და მრევლის სახელით ყველას მოგესალმებით, ვლოცულობთ თქვენი დღეგრძელობის, მშვიდობისა და სულის ხსნისთვის. ძვირფასო მეგობრებო, ამ კვირას ჩვენი ეკლესია შევიდა საერთო ქრისტიანული უდიდესი საიდუმლოს - ვნების კვირის ღირსახსოვარ პერიოდში. ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ღალატის, ტანჯვის, განსაცდელის და ჯვარცმის, შემდეგ კი აღდგომის სიხარული ჩვენც გვინერგავს ოპტიმიზმის, სამართლიანობის და სიმართლის გამარჯვების იმედს. სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია საქართველოში მოქმედებს მე -5 საუკუნიდან. ისტორიულად, საქართველოს სომეხთა ეპარქია სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ეპარქიაა სომეხთა ეკლესიის ისტორიაში. იგი მოიცავს საქართველოს ტერიტორიას. ეპარქიის საკათედრო ტაძარი „სურბ გევორგ“ ეკლესიაა. ეპარქია აერთიანებს და უძღვება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სომხურ ეკლესიებს, სომეხ ქრისტიანულ სათვისტომოს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ისტორია მოწმობს სომეხი და ქართველი ხალხების ათასწლეულების მეგობრობას, საქართველოს სხვა ერებთან, რელიგიებისა და სარწმუნოებების წარმომადგენლებთან სოლიდარულ თანაარსებობას. აღსანიშნავია, რომ 1914 წლის მონაცემებით საქართველოში მოქმედებდა 400-ზე მეტი სომხური ეკლესია, აქედან 27 დედაქალაქ თბილისში იყო. ეკლესიებთან მოქმედებდა ათეულობით სომხური სკოლა, კულტურული და საქველმოქმედო დაწესებულება, საავადმყოფო და საჯარო დანიშნულების სტრუქტურა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ - თბილისელები, საბჭოთა კავშირის წლებში ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული ძირძველი სომხური ტაძრების სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიისთვის დაბრუნების მოლოდინში არიან. თუმცა, გასული 27 წლის განმავლობაში, ისევე როგორც საბჭოთა ოკუპაციის წლებში, თბილისში მხოლოდ ორი, სურბ გევორგის საკათედრო და ავლაბარში მდებარე სურბ ეჯმიაწინის ტაძრები აგრძელებს ფუნქციონირებას, ორივე ეკლესია არ იმყოფება ეპარქიის იურიდიულ საკუთრებაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსგავსად 58 ეკლესია. საბჭოთა ოკუპაციამდე თბილისში 27 სომხური ტაძარი ფუნქციონირებდა. მათგან 12 საბჭოთა რეჟიმის დროს განადგურდა, 6 ტაძარი კი - საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს მიერ იქნა გაქართულებული. დანარჩენი 7 ტაძრის ბედი დღემდე გაურკვეველია. ამ უკანასკნელთა შორისაა მუღნეცოც სურბ გევორგის ტაძარი, რომელიც 2009 წელს ჩამოიშალა; ნიკოღაიოს სურბ ნშანი, რომელიც 2002 და 2012 წლებში ჯერ დაიწვა, შემდგომ კი ნაწილობრივ ჩამოიშალა; ერევანცოც სურბ მინასი, რომელიც 2009 წელს პრივატიზებულ იქნა კერძო პირის მიერ; ჰარანცის ვანქი ( სამრეკლო); კრწანისის წირანავორ სურბ ასტვაწაწინის ტაძარი. დღეს განადგურების საფრთხის წინაშე დგას შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინის (კარმირ ავეტარანი) და ნიკოღაიოს სურბ ნშანის ტაძრები. ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია 2017 წელს თანდოიანც სურბ ასტვაწაწინის სომხური ტაძრის საქართველოს ეკლესიის საპატრიარქოს ბალანსზე უკანონოდ გადაცემის ფაქტი. დადებითად ვაფასებთ თბილისის სომხური მემკვიდრეობის შენარჩუნებისკენ მიმართულ საქართველოს მთავრობის გადადგმულ ზოგიერთ ნაბიჯს. კერძოდ, ნორაშენის სურბ ასტვაწაწინის ტაძრის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი მიდგომა იქნება სხვა ეკლესიების შემთხვევაშიც, ვინაიდან ეს უნიკალური არქიტექტურული ძეგლები არა მხოლოდ სომეხი ერის კულტურულ ნაღვაწლს წარმოადგენს, არამედ ჩვენი ქვეყნის - საქართველოს, კულტურულ მემკვიდრეობას, რომელთა განადგურებით ირღვევა მრავალეროვანი საქართველოს ისტორიული პორტრეტი. საქართველოს სომხობის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლის თვალწინ გრძელდება ჩვენი წინაპრების მიერ აგებული ღვთის სახლების განადგურება, ტაძრებისა, სადაც ქრისტიანად მოინათლნენ და ჯვრისწერის საიდუმლოს ეზიარნენ ჩვენი მამა-პაპები. ჩვენთვის ორმაგად მტკივნეულია, რომ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოში ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობის განადგურების და ფალსიფიცირების მოწმენი ვართ, მაშინ, როდესაც სომეხთა ეკლესიის საქართველოს ეპარქია გახლავთ ამ მემკვიდრეობის ისტორიული მესაკუთრე. გვიჩნდება განცდა, რომ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში დაწყებული სომეხი მოქალაქეების ძარცვა დღესაც გრძელდება დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირობებში. რესტიტუციის შესახებ კანონის არარსებობის გამო, დამოუკიდებელ საქართველოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას შეზღუდული აქვს შასაძლებლობა კანონიერი გზით დაიცვას საკუთარი კონსტიტუციური უფლებები, რის შედეგადაც არაკანონიერ და უფლებამოსილ ორგანოთა მიერ უკონტროლო ქმედებები ხორციელდება. იმისათვის, რომ საბოლოოდ მიწასთან არ გასწორდეს ჩვენი ჯერ კიდევ შემორჩენილი და ჩამონგრეული ტაძრები, მივმართავთ საქართველოს მთავრობას აღნიშნული ეკლესიების საქართველოს სომეხთა ეპარქიისთვის დაბრუნების თხივნით. მივესალმებით 2014 წელს დაფუძნებულ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას, საბჭოთა ოკუპაციის დროს მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით მიღებულ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას და სასურველი იქნებოდა რომ განხორციელდეს მსგავსი მიდგომა ასევე სხვა რელიგიური გაერთიანების მიმართ. ის ფაქტი, რომ სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებს (ისლამურ, იუდევულ) უბრუნდება მათი სამლოცველოები, გვაიმედებს რომ უახლოეს პერიოდში, სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი წინაპრების მიერ აგებული ტაძრების სომეხთა ეკლესიის ეპარქიისთვის დაბრუნების ფაქტის მომსწრენი გავხდებით.
|