სიახლეები
|
იესო ქრისტესათვის სახელის დარქმევის დღესასწაულს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია, მაცხოვრის დაბადებიდან 8 დღის შემდეგ, 13 იანვარს აღნიშნავს. 2019 წლის 13 იანვარს, სადღესასწაულო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში საღმრთო ლიტურგია აღევლინა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აღავლინა. მრევლთან ერთად საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და ახალქალაქის ვიცე-მერი არმენ მარანგოზიანი. საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას, მეუფემ დღის საიდუმლოზე იქადაგა, მორწმუნეებს მიულოცა შობისა და იესო ქრისტესათვის სახელის დარქმევის დღესასწაულები და კეთილი სურვილები გადასცა. საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენის მიერ სოფ. დილისკის „სურბ სარგის“ ეკლესიისათვის შექმნილი „სრბოც ნაჰატაკაც“ ხატის კურთხევის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ეპარქიის წინამძღვარმა წმინდა მირონით ხატის 4 კუთხე აკურთხა, რომლის შემდეგაც „დამცავი ლოცვით“ ხატის ქველმოქმედი, კარაპეტ მოსოიანი და მორწმუნეები დალოცა. ხატის კურთხევის შემდეგ მორწმუნეები მიუახლოვდნენ ამბიონს და თაყვანი სცეს ახლად კურთხეულ ხატს. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ვიკარიატის რეზიდენციაში მიღება გაიმართა. 13 იანვარი სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიებით აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის, ბათუმის, ახალციხის, ნინოწმინდის, რუსთავისა და შაუმიანის სომხურ ეკლესიებში.
|