სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის- მარტიროსისა და 14 ჯარისკაცის ხსენების დღე სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის მოძრავ დღესასწაულთაგან ერთ-ერთია, რომელიც 2019 წელს, 16 თებერვალს აღინიშნა. უწმინდესმა და უნეტარესმა, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ, სურბ სარგის მხედართმთავრის დღესასწაული ახალგაზრდების კურთხევის დღედ დააწესა. თბილისელ სომხებს შორის დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, სურბ სარგისის დღესასწაულის აღნიშვნა წმინდანის სახელობის სამლოცველოსკენ მომლოცველობით იწყება. 15 თებერვალს, წინასადღესასწაულო დღეს, „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში შეკრებილი მორწმუნეების მრავალრიცხოვანი ნაკადი „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრისა და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრების წინამძღოლობით, სურბ სარგისის დღესასწაულის მახარობელი სურათებით, ხატებით, ბაირაღებითა და საგალობლების გალობით ხარფუხის სურბ სარგის მხედართმთავრის სახელობის უმოქმედო ეკლესიისკენ გაემართა. მომლოცველთა მრავალრიცხოვანი ნაკადი, სადაც ახალგაზრდების რაოდენობა ჭარბობდა, უძველეს სამლოცველოსთან ლოცვის, სანთლების დანთებისა და საგალობლების გალობის შემდეგ ჯვრებით მოწყობილი მსვლელობით „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრამდე მივიდა, სადაც მომლოცველთა ნაკადს ასობით მორწმუნე შეუერთდა. მომლოცველებით სავსე ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მის ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, საღამოს ღვთისმსახურება ჩატარდა. ღვთისმსახურების დასასრულს ეპარქიის წინამძღვარმა წინასადღესასწაულო ცერემონია- ახალგაზრდების კურთხევის წესი შეასრულა. სურბ სარქის მხედართმთავრის დღესასწაულის აღნიშვნა მიღებულია არა მხოლოდ საეკლესიო რიტუალებითა და ლოცვით, არამედ სახალხო ადათ-წესებითაც. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და ეკლესიაში მისულ ახალგაზრდებს მარილიანი კვერები დაურიგდათ, რადგან სურბ სარქის მხედართმთავარი ახალგაზრდების მფარველი და სასიყვარულო სურვილების ამსრულებელი წმინდანია. 16 თებერვალს, „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მის ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინა. საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას მწირველმა მღვდელმა, ღირსმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა სათანადოდ იქადაგა, ისაუბრა სურბ სარქისის დღესასწაულის საიდუმლოზე. სურბ სარქისის დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში. ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში წინასადღესასწაულო ცერემონიალისა და ახალგაზრდების კურთხევის წესის შესრულების შემდეგ, მომდევნო დღეს, მორწმუნეები სხვადასხვა სოფლიდან მომლოცველობით შეიკრიბნენ სოფ. დილისკის „სურბ სარგის“ ეკლესიაში, სადაც ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდის მონაწილეობით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მღვდელმა ტიგრან მხითარიანმა. ხოლო ახალციხის მუნიციპალიტეტის მორწმუნეებმა წინასადღესასწაულო დღეს მხედრის მონაწილეობით, რომელიც წმინდანს განასახიერებდა, მომლოცველობა მოაწყვეს სოფ. საზელის „სურბ სარგის“ ეკლესიაში, სადაც საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ გაიმართა წინასადღესასწაულო ცერემონია, ხოლო მომდევნო დღეს ღირსმა მღვდელმა თორგომ ვარდანიანმა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა. ორი დღის განმავლობაში სადღესასწაულო ჟრიამული იყო ნინოწმინდის წმინდანის სახელობის ეკლესიაში. წინასადღესასწაულო დღეს კურთხევის რიტუალის შემდეგ ახალგაზრდებს „რაფაელ ჯავახ“ ცენტრის აღსაზრდელთა მიერ მომზადებული მარილიანი კვერები დაურიგდათ. მომდევნო დღეს საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა. სურბ სარგისის დღესასწაული სათანადოდ, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიით, ახალგაზრდების კურთხევის წესითა და სახალხო ადათ-წესების დაცვით აღინიშნა ასევე ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში. საქართველოს სომეხთა ეპარქია მადლობას უხდის საქართველოს შსს-ს საგზაო პოლიციის სამსახურს, თბილისში მორწმუნეთა ჯვრებით მსვლელობისას თან გაყოლის და გზაზე მშვიდობიანი მსვლელობის უზრუნველყოფისათვის.
|