1geo

fb you od

სომეხი ქველმოქმედი თამამშევების ხსოვნის საღამო "კავკასიურ სახლში" PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

tamamshhev 

თბილისის „კულტურულ  ურთიერთობათა ცენტრ - კავკასიურ სახლში" მორიგი ღონისძიება მიეძღვნა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მათი მოღვაწეობით ცნობილი ქველმოქმედი თამამშევების საგვარეულოს. ღონისძიება ინიცირებული იყო ცენტრის წევრ ვიქტორია მაქსოევას მიერ, „კავკასიური სახლის“ მხარდაჭერით. ღონისძიება ჩატარდა დარბაზში, სადაც გამოფენილი იყო ცნობილ მხატვარ თენგიზ მიქოიანცის ნახატები ძველი თბილისის თემაზე, ეპოქის ამსახველი ინსტალაცია „გარი დავთიან“ თოჯინების სახლის ხელმძღვანელ ჟანა დავთიანის ავტორობით. ღონისძიებას ესწრებოდა თამამშევების საგვარეულოდან ალექსანდრეს შვილიშვილი ნატალია თამამშევა.

ღონისძიების წამყვანმა ვიქტორია მაქსოევამ წარმოადგინა თბილისელი ქველმოქმედების - გაბრიელ, ეგორ და ალექსანდრე თამამშევების მოღვაწეობის ისტორია თბილისში, ასევე საქართველოსა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის, თბილისის ოპერის თეატრის დაარსება და ქარვანსარაის შექმნა, ამ ოჯახის სამი ძმის განსაკუთრებული აქტიური საქველმოქმედო მოღვაწეობა, უხვი შემოწირულობები თეატრალური ხელოვნების განვითარების, საგანმანათლებლო საქმის ორგანიზებასა და სტიპენდიების დაწესებაში.

დიდი მეცენატების მოღვაწეობის პერიოდის შესაბამისი იყო პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობ რობერტ ჰოვანისიანის წარმოდგენილი ეპიზოდი პიესიდან „პეპო“, კინტოთა ცეკვა "ჯეირან" ქორეოგრაფიული ანსამბლის (სამხატვრო ხელმძღვანელი: სვეტლანა ერიციანი) შესრულებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის დოლისა და დუდუკის (პედაგოგები: რობერტ კაშავანიძე და ივანე მკრტჩიანი) წრეების, პიანისტ ელენე ნიკოლეიშვილის, მევიოლინეების - დავით აკოფიანისა და მილენა ჯალალბეკოვას გამოსვლები.

ცნობილმა პედაგოგმა ნატალია თამამშევამ მადლობა გადაიხადა ასეთი შესანიშნავი ღონისძიებით თამამშევების ხსოვნისადმი პატივის მიგებისათვის, შემდეგ ისაუბრა ბაბუასა და დიდ ბაბუაზე, რაც გაგებული ჰქონდა მამამისისაგან.

ღონისძიების ინიციატორმა შეაჯამა ღონისძიება, ყველას მადლობა გადაუხადა მონაწილეობისათვის და წაიკითხა "კავკასიური სახლის" მიმართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსადმი, ცენტრის მუზეუმისთვის სახელმწიფო მუზეუმის სტატუსის და თამამშევ-სმირნოვების სახელის მინიჭებისათვის. დამსწრე საზოგადოებამ ენთუზიაზმით მიიღო განცხადების ტექსტი და ხელი მოაწერა მას.

IMGP0209 IMGP0245 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)