სურბ გევორგის საკათედრო ტაძრის „დრნბაცექის“ (კარის კურთხევის) წესი |
2015 წლის 30 ოქტომბერს, ჭეშმარიტად ისტორიული დღე იყო საქართველოს სომეხთა ცხოვრებაში. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ეკლესიის ეზოში უამრავი მორწმუნე იყო შეკრებილი. ორი წლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ, თბილისის საკათედრო „სურბ გევორგ“ ეკლესიამ კარი გაუხსნა მრევლს, გარემონტებული საეპისკოპოსოთი, კეთილმოწყობილი ეზოთი და გაფართოებული სივრცით. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მის ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, ვიკარიუსების და სასულიერო პირთა მონაწილეობით აღსრულდა მე-13 საუკუნეში აგებული სომხური ეკლესიის „დრნბაცექის“ ცერემონია, აკურთხეს ეკლესიის 12 სვეტი, სურბ სარგის მხედართმთავრის და სურბ ვარდანანც საკურთხევლები. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, ეპარქიის წინამძღვარმა მადლიერების სიტყვით მიმართა საქველმოქმედო ფონდს - „სომხეთის განვითარების ინიციატივები“ (IDeA) , სხვა ქველმოქმედებს, ვისი შემოწირულობითაც განხორციელდა ეკლესიის კაპიტალური რემონტი. წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა პროექტის ავტორების, მშენებლების დაუღალავ შრომას, რესტავრატორთა ძალისხმევას, ვისი წყალობითაც ეკლესია აღიმართა თავისი სიმტკიცით, უნიკალური ფრესკებით და სრულყოფილებით. იმავე დღეს საკატედრო ტაძრის ხელახალი კურთხევის მიზნით თბილისში ჩამობრძანებულ სრულიად სომეხთა კათოლიკოსს უწმინდეს და უნეტარეს გაეგინ მეორეს სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დახვდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის ეთნიკურად სომეხი დეპუტატები, სომხებით დასახლებული რეგიონების თანამდებობის პირები, სათვისტომოს წარმომადგენლები, ბიზნესმენები. სომეხთა კათოლიკოსი და მისი თანმხლები დელეგაცია მიიღო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. შეხვედრისას, საუბარი შეეხო ორი ქრისტიანული ეკლესიის თანამშრომლობის საკითხებს. იმავე დღეს, საღამოს, სრულიად სომეხთა კათოლიკოსი და სამუშაო ვიზიტით თბილისში მყოფი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დაესწრნენ მარინე ალესის "ერთ-ერთი თქვენგანი ..." მუსიკალურ-პოეტურ საღამოს, რომელიც გაიმართა საქველმოქმედო ფონდ IDEA-ს 100 LIVES ინიციატივის ფარგლებში. ხვალ, 31 ოქტომბერს, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის მიერ, ქველმოქმედთა და შემომწირველთა დასწრებით, აღსრულდება სურბ გევორგის საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევის წესი. |