1geo

fb you od

გიორგი ტუმასიანი - გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის დელეგატობის კანდიდატი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

G.Tumasyan 

გაეროს გენერალური ასამბლეა პირველად 1981 წელს გამოვიდა ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავდა წევრ-ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების შემადგენლბაში ახალგაზრდობის წარმომადგენლების ჩართვას, ვინაიდან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდობის საკითხების წინ წამოწევას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე.

ეს პროგრამა წარმატებით მუშაობს მსოფლიოს დაახლოებით 30 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. 2012 წლიდან საქართველო გზავნის თავის წარმომადგენელს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში, გაეროს გენერალური შტაბ-ბინაში (ნიუ-იორქი, აშშ) წარმოადგენს საქართველოს ახალგაზრდობას.

აღნიშნული მანდატისთვის ღია კონკურსში შეუძლია მონაწილეობის მიღება 18-25 წლის ასაკის ნებისმიერ ახალგაზრდას, ვისაც სხვადასხვა თემაზე გამოქვეყნებული აქვს მასალები და გამოირჩევა აკადემიური მოსწრებითა და აქტიურობით. კონკურსს მართავენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის და საგარეო საქმეთა სამინისტროები, სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე, წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე კანდიდატებს აფასებს სპეციალური კომისია, რის შემდეგაც შერჩეული კანდიდატები მონაწილეობენ ინგლისურ ენაზე გამართულ გასაუბრებაში. ამის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები ინგლისურ ენაზე მოხსენებით უნდა გამოვიდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საჯარო ღონისძიებაზე.

წელს, პირველად, გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელმა, ჩვენმა თანამემამულე გიორგი ტუმასიანმა.

პერსპექტიული სომეხი ახალგაზრდა თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. გარდა აკადემიური მაღალი მოსწრებისა, ტუმასიანი გამოირჩევა საზოგადოებრივი მაღალი აქტიურობით. იგი "საყოველთაო მშვიდობისათვის" ფედერაციის საქართველოს განყოფილების გენერალური მდივანია.

გიორგი ამ დღეებში ემზადება საჯარო გამოსვლისთვის, რომელიც დაგეგმილია 25 ივნისს. კონკურსის ბოლო ეტაპის პასუხი 26 ივნისს უნდა გამოაქვეყნოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

თუ გიორგი ტუმასიანი ბოლო ბარიერსაც გადალახავს, იგი აგვისტოში გაემგზავრება ნიუ-იორქში და, როგორც საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე საიბილეო სესიაში.

შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, არჩეული წარმომადგენელი, როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, აშშ-ში მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებში და საკომიტეტო მოსმენებში, მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდების საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დამუშავებაში. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ღირსეულ თანამემამულეს დასახული მიზნის მიღწევაში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)