საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო ეზიდური სასულიერო-კულტურული ცენტრის გახსნაში |
2015 წლის 16 ივნისს, თბილისში გაიხსნა ეზიდური სათვისტომოს ახალადაშენებული სასულიერო-კულტურული ცენტრი. ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და საქართველოში ეზიდთა სახლის მიწვევით, გახსნის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ეპარქიის სამართლებრივ და სახელმწიფოსთან ურთიერთობის საკითხთა განყოფილების დირექტორ მიქაელ ავაგიანის თანხლებით. პრეზენტაციის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი, საქართველოს პარლამენტის წევრები და სხვა ოფიციალური პირები. ხალხმრავალ დარბაზში შეკრიბილნი იყვნენ თბილისის ეზიდთა სათვისტომოს წევრები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, თბილისის სხვადასხვა სათვისტომოთა ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. ზაზა ვაშაყმაძემ ამ ღირსშესანიშნავი დღის მონაწილეებსა და ერაყის ქურთისტანიდან ჩამოსულ სტუმრებს იეზიდთა საკულტო სახლისა და კულტურის ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ „თითოეული ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფი სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია. იეზიდმა ხალხმა მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების განმავლობაში ქართველებთან ერთად გადაიტანა ყველა ტკივილი და განიცადა ქვეყნის აღმშენებლობით გამოწვეული სიხარული. დღეს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის მთავარი მიმართულება მათი უფლებების დაცვა და სულიერი განვითარების ხელშეწყობაა. სწორედ ამ ხელშეწყობის შედეგია ეს დღესასწაული და მასში ერაყის ქურთისტანიდან ჩამოსული სტუმრების მონაწილეობა“. ეზიდთა სათვისტომოს ცენტრის გახსნა მიულოცეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. დღესასწაულს ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ეზიდური სათვისტომოების წარმომადგენლები. სომხეთის რესპუბლიკის ეზიდთა საზოგადოებაც წარმოდგენილი იყო სპეციალური დელეგაციით. |