1geo

fb you od

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის მიმართვა „ ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სტატიები

IMGP6171

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის მიმართვა  „ ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“


  II კონფერენციაზე: „რელიგიური ტოლერანტობა საქართველოში“.
                                                                                                  

15  ნოემბერი 2017 წელი

პატივცემულო სახელმწიფო, პოლიტიკური და საზოგადო სფეროში მოღვაწენო,დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, სულიერნო ძმანო, ძვირფასო დებო და ძმებო, საქართველოში სომეხთა ეპარქიის სასულიერო დასისა და მრევლის სახელით მოგესალმებით ყველას და ვლოცულობთ თითოეული თქვენგანის დღეგრძელობისა, მშვიდობისა და სულის ხსნისათვის.
მთელი ისტორიის განმავლობაში კაცობრიობას მრავალჯერ განუცდია მღელვარება ომების, გენოციდების, გადასახლებების გამო. მსოფლიო დღესაც აღელვებულია, ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხი ომის ცეცხლშია გახვეული, ადამიანების ერთი ჯგუფი მეორეს კლავს და ანადგურებს ღვთისა და რელიგიის სახელით, ანადგურებს ტაძრებსა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებისა და მნიშვნელობის მქონე კულტურულ ძეგლებს, მაგრამ ეს ბოროტმოქმედები უფლისგან შორს არიან. სამწუხაროდ, კაცობრიობამ ათასწლეულების მანძილზე ვერ ისწავლა ღვთისა და სარწმუნოების გულისთვის თავისი მსგავსის პატივისცემა, შემწყნარებლობა და სიყვარული.
ჩვენ, საქართველოში მცხოვრებმა სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლებმა, საქართველოში მშვიდობიანი, ტოლერანტული თანაცხოვრებითა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემითა და  მოპყრობით, ჩვენი ცხოვრების წესი და ანდერძი  უნდა დავუტოვოთ მსოფლიოს და მომავალ თაობას. ამგვარად ჩვენი შვილების აღზრდით უმცირესს გავაკეთებთ, რათა ისინი გულგრილნი არ იყვნენ სხვისი ტკივილისა და გაჭირვების მიმართ და გააცნობიერონ, რომ განსხვავებულობა მოწინააღმდეგობას ან მტრობას არ ნიშნავს.
 ჩვენი განსხვავებულობა და არაერთგვაროვნება არ გვაშორებს, არამედ გვამშვენებს. წმიდა წიგნი გადმოგვცემს შემდეგს: „გიყვარდეთ ერთმანეთი“, ის არ გვასწავლის, რომ გვიყვარდეს კონკრეტულად იუდეველი, ქრისტიანი, მუსლიმი ან სხვა რელიგიის თუ ეროვნების წარმომადგენელი, არამედ ამბობს: გიყვარდეთ ერთმანეთი, ანუ ყველა. ჩვენი სილამაზე ჩვენს მრავალფეროვნებაშია. როგორი სამწუხარო იქნებოდა, რომ ყველა ერთნაირები ვყოფილიყავით, ერთნაირი აზროვნება და ვარცხნილობა გვქონოდა, ერთი და იგივე ტანისამოსი გვცმოდა. სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების წარმომადგანლები საქართველოს სიმდიდრე არიან. ჩვენმა საზოგადოებამ  მაქსიმალურად დადებითი უნდა აიღოს ამ მრავალფეროვნებიდან. საქართველოში სხვადასხვა ეროვნების ურთიერთპატივისცემას და მშვიდობიან თანაარსებობას ალტერნატივა არ გააჩნია.
ჩვენ, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია პატივისცემითა და სიყვარულით ვეპყრობით ქართულ მართლმადიდებელ წმიდა ეკლესიას და საქართველოში მოქმედ სხვა ეკლესიებს, მუსლიმურ, ებრაულ სათვისტომოებს და ყველა ეროვნულ თუ რელიგიურ უმცირესობას. და იმავეს ველოდებით მათგან, ხაზს ვუსვამთ რა, რომ ჩვენი განსხვავებულობა არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მოწინააღმდეგენი უნდა ვიყოთ. ჩვენი ეროვნული და რელიგიური თავისებურებები და ტრადიციები განსაკუთრებული ნიშანია, რომელსაც ყველანი ვატარებთ, როგორც მრავალეთნიკური საქართველოს მოქალაქეები.
2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაარსებამ დიდი როლი შეასრულა საქართველოს რელიგიურ თემებში არსებული და დაგროვილი საკითხების გადაწყვეტის მიმართულებით. ეს იყო ქვეყნის მხრიდან გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპულ ოჯახში შესვლის თვალსაზრისით, რადგანაც საქართველოს ახალი ხელისუფლება რელიგიური თემების ინტერესებში არსებული პრობლემების მიმართ გამოხატავს ყურადღებას და აღიქვამს მათ. ეს გამოვლინდა ისლამური თემისათვის მეჩეთების, ებრაული თემისათვის სინაგოგების დაბრუნებით და ქრისტიანული თემებისათვის სამლოცველოების დაბრუნების მზადყოფნით. განსაკუთრებით აღსანიშნავია საბჭოთა პერიოდში რელიგიური თემებისადმი მიყენებული ზიანის ნაწილობრივი კონპენსაცია. საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის, ნაწილობრივი ანაზღაურების ფარგლებში სახელმწიფოს მიერ, გამოყოფილი სახსრებით საქარათველოში სომეხთა ეპარქიას შესაძლებლობა მიეცა, გაეფართოვებინა თავისი საქმიანობა სულიერ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში. დღითი-დღე თავის საქმიანობას აფართოვებს აგრეთვე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რაც მეტ ნდობას აღუძრავს საქართველოში მოქმედ რელიგიურ თემებს.
აღნიშნულმა წინ გადადგმულმა ნაბიჯებმა გაზარდა სახელმწიფოსადმი ნდობა და  თანამშრომლობის ახალი გზები გახსნა. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიდგომას, რელიგიური გაერთიანებების პრობლემებისადმი.
იმედი გვაქვს, რომ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართელოს ეპარქიისათვის კუთვნილი ტაძრების დაბრუნების საკითხი უახლოეს პერიოდში დადებითად იქნება გადაწყვეტილი.
ვიმედოვნებთ,რომ ხელისუფლება სათანადო ყურადღებას მიაქცევს თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მდებარე უმოქმედო და ნანგრევად ქცეული სომხური ეკლესიების კონსერვაციასა და მოვლა-პატრონობის საკითხს. პროგრესი აღინიშნება, აგრეთვე სომხური ისტორიული ძეგლების მიმართ სახელმწიფოს მიერ გამოჩენილი ყურადღების კუთხით. მაგალითად, ჩატარებული გამაგრებით-სარეაბილიტაციო სამუშაოები ნორაშენ სურბ ასტვაწაწინის ეკლესიაში.
გვინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნოთ, რომ სხვადასხვა რელიგიურ თემების კუთვნილი ტაძრები მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, არის ხუროთმოძღვრობის ნიმუშები და წარმოადგენს  საქართველოს კულტურულ და სულიერ საგანძურს. აღსანიშნავია, რომ მათი დაცვა და მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების პირდაპირი ვალდებულებაა.
ამავდროულად გვსურს საქართველოს ხელისუფლების მიერ ყურადღება მიექცეს რელიგიურ გაერთიანებებისათვის საგადასახადო შეღავათების მინიჭების საკითხს, რომელიც საშუალებას მოგვცემს დაზოგილი სახსრები ასევე გამოვიყენოთ ტაძრების რეაბილიტაციისა და მოვლა-პატრონობისათვის.
ჩვენი აზრით, სხვადასხვა რელიგიური სათვისტომოებისა და ეროვნული უმცირესობების ერთმანეთთან და უმრავლესობასთან გაცნობის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ტელევიზიას და მასმედიის საშუალებებს შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო და კერძო ტელეარხები საკმაო ინტერესს გამოხატავენ და მრავალათასიან სატელევიზიო აუდიტორიას სათანადოდ წარუდგენენ სხვადასხვა რელიგიური სათვისტომოებისა და ეროვნული უმცირესობების სულიერ და ეროვნულ მნიშვნელოვან დღესასწაულებსა და ტრადიციებს, დარწმუნებული ვართ, რომ ეს ხელს შეუწყობს ერთმანეთის უკეთესად გაცნობაში და  პატივისცემაში.
საქართველოს დღევანდელ რეალობაში დიდ ნაკლად მიგვაჩნია ის, რომ ტელეარხები ხშირად თავს არიდებენ  უმცირესობათა მნიშვნელოვანი დღესასწაულებისა და ღონისძიებების გაშუქებას, რის გამოც ქართული საზოგადოება ხშირად ინფორმირებული არ არის მის გვერდით მცხოვრები უმცირესობების შესახებ. სხვა ქვეყნების მაგალითების გათვალისწინებით, გვწამს, რომ ტელეარხების მიერ უმცირესობებისთვის უფრო მეტი პლატფორმისა და დროის გამოყოფა ხელს შეუწყობს, რომ საქართველოს მცხოვრებლებმა ერთმანეთი უკეთესად გავიცნოთ, უფრო მეტად გავუგოთ ერთმანეთს და მივიღოთ ერთმანეთი.
ვლოცულობთ, რომ უფალმა მშვიდობით ამყოფოს საქართველო. დაე, კურთხეულ ქართულ მიწაზე მცხოვრებმა რელიგიურმა თემებმა და ეთნიკურმა სათვისტომოებმა მშვიდობიანი თანამშრომლობით გააგრძელონ ჩვენი წინაპრების მიერ დანატოვარი ქვეყნის შენება.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)