საშობაო საჩუქრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის |
2015 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილებას წინასადღესასწაულო ვიზიტი ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან. ახალგაზრდობის განყოფილების დირექტორ ვალერი ბადალიანის, კოორდინატორ ნინა სეროპოვას, ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილის დირექტორ კარენ ერიციანის, ოპერატორ-ფოტოგრაფ გევორგ პოღოსოვის და მუსიკალურ გამფორმებელ სერგეი არუთუნიანის შემადგენლობით დელეგაცია ეწვია თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა-პანსიონს. სკოლის მოსწავლეები სტუმრებს დახვდნენ დიდი სიხარულით და სტუმრების წინაშე წარსდგნენ მხიარული სიმღერებით. დარბაზში შეკრებილ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს სიმღერითა და ცეკვით მიესალმნენ „ჰაიარტუნ“ ცენტრის "ტარონ" ახალგაზრდული ცეკვის ანსამბლი და „სომხური ბენდი“ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის სოლისტი ანი ჰოვანესიანი. შემდეგ სკოლა-პანსიონის ორმოცამდე მოსწავლემ მიიღო საშობაო საჩუქრები, რამაც უფრო მხიარული განწყობა შექმნა. სკოლის დირექტორმა ხათუნა ჯალაღონიამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატივას, მადლობა გადაუხადა მხიარული კონცერტისთვის, განსაკუთრებით იმისთვის, რომ სკოლის აღსაზრდელებს შესაძლებლობა მიეცათ მოესმინათ სომხური სიმღერა და მიეღოთ საშობაო საჩუქრები. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინტეგრაციას სამოქალაქო საზოგადოებაში. |